‘Earthlings’ – კაცობრიობის დიდი დანაშაულის სამხილი

ინტერნეტში და რეალობაში ცხოველების ქურქის გამოყენების წინააღმდეგ გამოსვლიდან და ვეგეტარიანული პრინციპების მიღებიდან მოყოლებული ნაცნობების მხრიდან მუდმივად ვხვდები კითხვას “რატომ?”. ბევრს საკუთარი სიტყვით ავუხსენი, რატომ ვთქვი უარი ხორცზე და რატომ ვახსენებ მუდმივად გარშემომყოფებს, უარი თქვან ბეწვეულზე, თუმცა არსებობს თემები, რომლების არსს სიტყვა იმის ნახევრადაც ვერ გადმოსცემს, როგორც საკუთარი თვალით ნახვა. ნახსენები თემაც მათ რიცხვში შედის. შეიძლება ბევრი ილაპარაკო ცხოველების მიმართ ქცევაზე და იმ დანაშაულზე, რასაც ადამიანი – რომელიც საკუთარი თავის განმსაზღვრელ ცნებას ტერმინ ჰუმანურობასთან აიგივებს – ყოველდღიურად, გენოციდის მასშტაბში ჩადის ცხოველთა სამყაროს და ბუნების მიმართ, მაგრამ ამ დანაშაულის მაგალითების ნახვა სულ სხვაგვარად მოქმედებს.

დაახლოებით ერთი თვის წინ ბიომ, რომელსაც გავეგეტარიანელებასთან დაკავშირებით ჩემს გეგმებზე ვუყვებოდი, მირჩია, დოკუმენტური ფილმი Earthlings მენახა, რომელიც ცხოველთა მიმართ ადამიანების სასტიკ მოპყრობას ეხებოდა. ფილმი მალევე გადმოვწერე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ სადღესასწაულო დღეების განწყობა ამ თემაზე ჩაჯდომას ხელს შეუშლიდა, ნახვით მხოლოდ ამ რამდენიმე დღის წინ ვნახე. არ მინდა, ამ უმძიმესი ფილმის დიდი აღწერა გავაკეთო, მითუმეტეს, რომ მისი არსი მასშივე პირდაპირ და ნათლად ჩანს იმ საშინელი რეალობის კადრებზე, რომელიც კაცობრიობის დიდ დანაშაულს აჩვენებს. სტრუქტურულად ფილმი ხუთ ნაწილად არის დაყოფილი, რომლებიც ცხოველების საკვებად, ტანსაცმლის დასამზადებლად, გართობისთვის და სხვა მიზნებით გამოყენებას აღწერს; კადრებს მსახიობი ხოაკინ ფენიქსის (Joaquin Phoenix) კომენტარი მიჰყვება. სხვა დეტალების ნახვა ზემოთმოყვანილ IMDB ლინკზე შეიძლება.

ფილმის ნახვისთანავე Facebook-ზე პირველი რეაქციები დავდე, დღეს კი აღმოვაჩინე, რომ YouTube-ზეც ყოფილა ხელმისაწვდომი, ცხოველების უფლებებთან დაკავშირებული ვიდეოებისთვის შექმნილ არხზე TheAnimalHolocaust. ეს აღმოჩენა ძალიან გამიხარდა, რადგან უამრავი ადამიანი ამ ფილმის ნახვამდე არ/ვერ იაზრებს იმ საშინელებებს, რომლების გაგრძელებას ხორცეულის საკვებზე, ქურქზე და ცხოველების გამომყენებელ გასართობ საშუალებებზე სისტემატური მოთხოვნით უწყობს ხელს, YouTube-ის ვიდეოების მოხერხებულობა კი ფილმის ფართო მაყურებლისთვის გაზიარების საშუალებას იძლევა.

Earthlings – Full length documentary (multi-subtitles) on YouTube

Earthlings, მისი სიმძიმის მიუხედავად, უნდა ნახოს ყველა იმ ზრდასრულმა, რომლისთვისაც ჰუმანურობა მხოლოდ ჰაერში გამოკიდებული სიტყვა არაა.

About თორნიკე

Patience is a virtue

გამოხმაურება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Connecting to %s